“ნაციონალური მოძრაობა” – თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტში კომუნალური ვაუჩერის ოდენობა განახევრებულია

მთავარი გვერდის ჩანაწერები

თბილისის მომავალი წლის ბიუჯეტში კომუნალური ვაუჩერის ოდენობა განახევრებულია, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოში ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, თამაზ შოშიაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თამაზ შოშიაშვილმა საკრებულოში შესული თბილისის 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი შეაფასა. მისი თქმით, ბიუჯეტის პროექტი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. მან, პირველ რიგში, ყურადღება გაამახვილა ბიუჯეტის პროექტში კომუნალურ გადასახადზე დახმარების განახევრებასთან დაკავშირებით. შოშიაშვილის თქმით, თბილისის კომუნალური ვაუჩერი განახევრებულია.
“ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაწესებული ვაუჩერი, რომელსაც მოსახლეობა წლების განმავლობაში იღებდა და ზამთრის განმავლობაში 100 ლარს შეადგენდა, განახევრებულია და 50 ლარს შეადგენს; შესაბამისად ოჯახს თვეში 20 ლარის ნაცვლად 10 ლარის შეღავათი ექნება”, – აცხადებს შოშიაშვილი.
მისივე თქმით, 70 000 სარეიტინგო ქულამდე მქონე ოჯახებისათვის კომუნალური ვაუჩერის 450 ლარამდე გაზრდის საფარქვეშ, დავით ნარმანია უარს ამბობს იზრუნოს სხვა სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებზე, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე მეტია. ასეთი თბილისში, თამაზ შოშიაშვილის თქმით, 56 000 ოჯახზე მეტია.
ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა აღნიშნა, რომ მათი ფრაქცია საკრებულოში ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ბიუჯეტის მომავალი წლის პროექტში კომუნალური ვაუჩერი შემცირებული ოდენობით არ დაფიქსირდეს და დედაქალაქის მერმა ის დანაპირები შეასრულოს, რასაც თბილისის მოსახლეობას არჩევნებამდე დაპირდა.
ბიუჯეტის პროექტზე საუბრისას თამაზ შოშიაშვილი შეეხო ასევე მუნიციპალური ტრანსპორტით შეღავათიანი მგზავრობის საკითხს. კერძოდ, მისი თქმით, თბილისის მერიამ საბავშვო ბაღების პედაგოგებისათვის 11-12 ნოემბერს მიცემული სიტყვა ტრანსპორტში შეღავათის მიღების შესახებ, 14 ნოემბერს უარყო და “ქართულმა ოცნებამ” ისინი მოატყუა. თამაზ შოშიაშვილის თქმით, არც უფასო მგზავრობა და არც რაიმე შეღავათი ბაღის პედაგოგებისათვის ბიუჯეტის პროექტში გათვალისიწინებული არ არის. ამასთან, თამაზ შოშიაშვილმა დასძინა, რომ შეღავათებით ისარგებლებენ პოლიტპატიმრები, კერძოდ, მათთვის მუნიციპალურ ტრანსპორტში მგზავრობა უფასო იქნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *