ქართულმა ინდუსტრიულმა ჰოლდინგმა Aigroup ქუთაისში ოფიციალურ პრეზენტაცია გამართა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

ქუთაისში ელექტრომობილების წარმოება იწყება

26 ივნისს ქართულმა ინდუსტრიულმა ჰოლდინგმა  Aigroup  ოფიციალურ პრეზენტაცია გამართა, რომლის ფარგლებში საზოგადოებას  ქუთაისის ელექტრომობილების საწარმოს მშენებლობის პროექტი წარუდგინა.

ღონისძიების დასაწყისში  მულტიმედიური შოუ მოეწყო, რის შემდეგაც აუდიტორიის წინაშე  ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა,   კომპანიის “aigroup” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე კახა გულედანი, კომპანიის სხვა წარმომადგენლები, ასევე სამრეწველო და სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერი ზვიად ციკოლია წარსდგნენ.    

მინისტრის განცხადებით, იწყება რეგიონში პირველი, მაღალტექნოლოგიური, ეკოლოგიურად სუფთა, ქართული, ქუთაისური წარმოშობის ელექტრომობილების წარმოება. 

“ამ რამდენიმე ხნის წინ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ დაანონსა და დაპირდა საქართველოს, რომ მალე ჩვენ გავხდებით რეგიონში ელექტრომობილების პირველი მწარმოებელი. დღეს მაქვს პატივი დავაანონსო ეს პროექტი და ვთქვა, რომ ვასრულებთ ამ დანაპირებს. ქართული კომპანია “აი გრუპი”, რეგიონში ერთ-ერთი ინდუსტრიის ლიდერის, ჩინური კომპანიის “ჩანგანის” დახმარებით იწყებს ელექტრომობილების პირველი ქარხნის მშენებლობას”, – განაცხადა ნათია თურნავამ.

 კომპანიის “აი გრუპი” ხელმძღვანელის კახა გულედანის ინფორმაციით, „აი გრუფი“ ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება, ხოლო საწარმოს წარმადობა იქნება 5000 ელექტრომობილი. პროექტი ხორციელდება მსხვილი ჩინური კორპორაციის „ჩანგანის“ პარტნიორობით.

 “დასრულების სტადიაზეა ქარხნის პროექტირება და ძალიან მოკლე ხანში ჩვენ გადავალთ აქტიურ სამშენებლო ბაზაში, ვგეგმავთ საწარმოო ხაზის დასრულებას მიმდინარე წლის ბოლომდე. ეს ნიშნავს, რომ 2020 წლის დასაწყისისთვის მსოფლიო იხილავს პირველ ქართულ ელექტრომობილებს, ამ დროისათვის ჩვენ უკვე დასაქმებული გვეყოლება 300-სზე მეტი ადამიანი.  სრული დატვირთვის პირობებში, ვგეგმავთ ყოველწლიურად, 40 ათასი ელექტრომობილის გამოშვებას და 3 ათასზე მეტი ადამიანის დასაქმებას მთელი ქვეყნიის მასშტაბით”, – განაცხადა კახა გულედანმა. 

 პროექტის დასაწყისში საწარმოში 4 მოდელის ავტომობილს აწარმოებენ. საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით -Made in Georgia ევროპის ქვეყნების ბაზარზე გავა, რაც ექსპორტის ზრდას და ვალუტის გადინების შემცირებას შეუწყობს ხელს.  

პრეზენტაციაზე  ასევე მოწვეული იყვნენ სამთავრობო უწყების, ადგილობრივი ხელისუფლების,  საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, ბიზნესისა  და მედიის წარმომადგენლები.

პროექტის თანახმად,  ინდუსტრიული ჯგუფი Aigroup  ქუთაისში ინდუსტრიული კომპლექსის მშენებლობას იწყებს, რომელიც 100 ჰა ფართობის ტერიტორიაზე განთავსდება. პირველი პროექტი ელექტრომობილების საწარმოა, სადაც საწყის ეტაპზე დაახლოებით 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება და მისი ამოქმედებიდან 18 თვის ვადაში  ბაზარზე 5000 ელექტრომობილი გამოვა. პროექტის დასაწყისში ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილს აწარმოებენ.  საქართველოში დამზადებული ელექტრომობილები წარწერით – Made in Georgia კი ევროპის ქვეყნების ბაზრებზე საქართველოს  მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება. ახალი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსდება არა მხოლოდ ავტომობილების, არამედ  ეკოპროდუქციის, მზის პანელების და სხვა მაღალტექნოლოგიური პროდუქტების  საწარმოები, წარმოებაში საბოლოოდ,  3000 ადამიანი დასაქმდება. ეს იქნება ინდუსტრიული კომპლექსი, რომელიც  რეგიონში ყველაზე მნიშვნელოვან ჰაბად გადაიქცევა.

 „ამბიციური და საპასუხიმგებლო“ ასე უწოდებენ პროექტს, რომლის მიზანს საქართველოს ენერგო დამოუკიდებლობა წარმოადგენს. აღნიშნული პროგრამის  ფარგლებში განხორციელდება მომავლის პროექტები, რომელიც საქართველოს იმ ქვეყნების გვერდზე დააყენებს, სადაც პრიორიტეტი მწვანე ბიზნესის წარმოება და ელექტროენერგიის მიღების ალტერნატიული წყაროების შექმნაა. Aigroup პირველი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში, რომელიც გლობალურად უდგება 21-ე საუკუნის გამოწვევებს.

ქუთაისი იბრუნებს ინდუსტრიული ქალაქის სახელს. კადრების მომზადების და გადამზადების პროგრამა უახლოეს მომავალში ამოქმედდება ამ რეგიონში. პროფესიული კოლეჯი, რომელსაც აიგრუპი დააფუძნებს, მოამზადებს და გადაამზადებს კადრებს, შემდგომში დასაქმების მიზნით.

ქუთაისი მსოფლიოში მერვე ქალაქი იქნება, სადაც ელექრომობილების გაზიარების სერვისი გახდება ხელმისაწვდომი.

თანამედროვე ელექტრომობილის წარმოება და ქართული პროდუქციის პოპულარიზაცია აიგრუპის სამოქმედო გეგმაა უახლოეს წლებში. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ელექტრომობილების ფასი ადგილობრივი სეგმენტისთვის ხელმისაწვდომი გახდეს. ამისათვის გააქტიურდება, ავტომობილების სოციალური და საჯარო სალიზინგო სერვისები, რაც ქართველ მომხმარებელს ავტომობილის შეძენას გაუადვილებს.

Aigroup პირველი ინდუსტრიული ჯგუფია საქართველოში, რომელიც გლობალურად უდგება 21-ე საუკუნის გამოწვევებს. “ეკოლოგია, ჩვენი ამოსავალი წერტილია. თავისუფლად შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს ჩვენ საქართველოში ვამკვიდრებთ მსოფლიო ტენდენციებს. ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა ბიზნესის წარმოება ის მიმართულებაა, რომელიც „აიგრუპის“ ქვეშ გაერთიანებული თითეული კომპანიის მამოძრავებელი ძალაა. სამშენებლო პროექტი რამდენიმე ნაწილისგან შედგება,  პირველი ეტაპისთვის გათვალისწინებული საწარმოს ნაწილი დასრულდება 2019 წელს და ამ საწარმოდან ვგეგმავთ ელექტრომობილების პირველი ნაწილების გამოშვებას. მეორე ეტაპისთვის კომპლექსს დაემატება საღებავი, შემდუღებელი და სხვა საამქროები. სამომავლოდ ასევე ვგეგმავთ ავტომობილების ელემენტების საამქროს განვითარებასაც. ჩვენ ინვესტიციას განათლებაშიც ვდებთ, გადავამზადებთ ადგილობრივი მუშაპერსონალს. ამის შემდგომ  ქუთაისში განვითარდება ადგილობრივი წარმოების სხვა ხაზებიც, რომელიც ადგილზე აწარმოებს ავტომობილების სხვადასხვა ნაწილებს. პროექტის მიზანია, რაც შეიძლება მოკლე პერიოდში მოვამზადოთ ქართული წარმოების პროდუქცია და წარვადგინოთ იგი უცხოურ ბაზრებზე,“ – განმარტავს  კომპანია aicar-ის გენერალური დირექტორი გიორგი ხუროძე.

სამრეწველო და სატრანსპორტო საშუალებების დიზაინერის ზვიად ციკოლიას განცხადებით,  პირველი ქართული ელექტრომობილის დიზაინზე ის იმუშავებს. 

“მე პირადად ვარ ბედნიერი, ჩემი ოცნება ასრულდა, მე მინდოდა, რომ ავტომობილების წარმოება ყოფილიყო საქართველოში და მით უმეტეს ელექტრომობილების წარმოება, ამას ემატება ისიც, რომ მე ვარ ჩართული ამ პროცესებში და სამომავლოდ ვიმუშავებ პირველ ქართულ მსუბულ ელექტრომობილზე, რომელიც წარსდგება სულ მალე ქართული საზოგადოების წინაშე. ჩვენ დავიწყებთ ამ მანქანის არა მარტო საქართველოში გაყიდვას, არამედ მთელ მსოფლიოში”, -განუცხადა ზვიად ციკოლიამ ჟურნალისტებს.

მისი თქმით, “მომავლის მანქანა”, პირველ რიგში, გათვლილი იქნება ქართველ მომხმარებელზე, როგორც კომფორტის და გამძლეობის, ასევე ფასის მხრივ. 

რამდენიმე დღის წინ, ქუთაისს სტუმრობდა ცნობილი იტალიელი ექსპერტი და სამრეწველო დიზაინერი დოქტორი ჯან კარლო პერინი, რომელმაც შეაფასა პროექტი და წარმატებული უწოდა. ამასთან,  მიაჩნია, რომ საავტომობილო წარმოება წარმოადგენს მძლავრ მამოძრავებელ ძალას ნებისმიერი ინდუსტრიული ეკონომიკის განვითარებისთვის და ეჭვგაეშეა, რომ ეს სფერო, შეასრულებს მნიშვნელოვან როლს ერის  სამრეწველო ინდუსტრიის განვითარებაში.

 „გარდა ამისა, ელექტრომობილების წარმოების განვითარება, არის ის უალტერნატივო გზა, რომლისკენაც საბედნიეროდ მიისწრაფვის მომავალი თაობა და თანამედროვე სახელმწიფოები. თუკი გადავხედავთ უზარმაზარ ინვესტიციებს წამყვან ინდუსტრიებში მსოფლიოს მასშტაბით, გერმანიიდან ჩინეთამდე, ჩვენ ნამდვილად უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სამომავლოდ, მოხდება თანამედროვე  ტექნოლოგიის, მასთან დაკავშირებული სისტემების და ინფრასტრუქტურის კიდევ უფრო მეტად დახვეწა და განვითარება. საქართველოში შეიქმნება დასაქმების დიდი შესაძლებლობები, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყანას ჰყავს ბევრი შემოქმედებითი, ნიჭიერი ადამიანი – დიზაინერები და ინჟინრები – რომლებიც, დარწმუნებული ვარ, შეიტანენ თავის წვლილს  სხვადასხვა ინდუსტრიის განვითარებაში,“ – განმარტავს ჯან კარლო პერინი.

შეგახსენებთ, რომ ელექტრომობილების წარმოების დაწყების შესახებ მემორანდუმი 2019 წლის მაისში გაფორმდა, რომელსაც ხელი მოაწერეს  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი დუგლაძემ, ქართული კომპანია Aigroup და ჩინური კომპანია „ჩანგანის“ წარმომადგენლებმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *