ცესკო საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატებისთვის რიგითი ნომრის განსაზღვრასთან დაკავშირებით პარტიებს მიმართავს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

ცენტრალური საარჩევნო კომისია საარჩევნო სუბიექტების/სუბიექტობის კანდიდატებისათვის რიგითი ნომრის განსაზღვრასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

საარჩევნო ადმინისტრაცია შეახსენებს უფლებამოსილ პოლიტიკურ პარტიებს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2018 წლის 28 ოქტომბრის არჩევნებისთვის მათ შეუძლიათ პირველი სექტემბრის ჩათვლით მიმართონ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას (ცესკო) რიგით ნომერთან დაკავშირებით (არჩევნებამდე არაუგვიანეს 57-ე დღისა).

როგორც „IMEDI.FM“-ს ცესკოდან აცნობეს, საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, პარტიებს, რომლებმაც მიიღეს მონაწილეობა 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში, უფლება აქვთ მოითხოვონ საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის ის რიგითი ნომერი, რომელიც მათ მინიჭებული ჰქონდათ თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებისას.

„თუ რიგითი ნომერი მინიჭებული ჰქონდა საარჩევნო ბლოკს, მისი გამოყენების უფლება ეძლევა აღნიშნული ბლოკის წევრთა ჩამონათვალში პირველად დასახელებულ პარტიას. იმ შემთხვევაში, თუ უფლებამოსილმა პარტიამ არ ისარგებლა ამ უფლებით, ან უარი განაცხადა რიგითი ნომრის დატოვებაზე, მას რიგითი ნომერი მიენიჭება წილისყრით ცესკოს სხდომაზე, იმ საარჩევნო სუბიექტებთან/საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატებთან ერთად, რომლებზეც არ ვრცელდება აღნიშნული საკანონმდებლო ნორმები.

რაც შეეხება საინიციატივო ჯგუფებს, მათ მიერ წარდგენილ კანდიდატებს რიგითი ნომერი წილისყრით მიენიჭებათ 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში მონაწილე პარტიებისთვის/საარჩევნო ბლოკებისთვის მინიჭებული უმაღლესი რიგითი ნომრის მომდევნო რიცხვებიდან“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *