22 სექტემბერს მსოფლიო დღე მანქანის გარეშე აღინიშნა

მთავარი გვერდის ჩანაწერები

22 სექტემბერს მსოფლიოში „დღე მანქანის გარეშე“ აღინიშნება. წელს ევროკომისიის ეგიდით გამართულ მობილობის კვირეულში მონაწილეობა მსოფლიოს 36 ქვეყნის 1146 ქალაქმა მიიღო.

თბილისი ამ დღეს წელს უკვე მესამედ შეუერთდა. როგორც „IMEDI.FM“-ს სადაზღვევო კომპანია „ირაოდან“ აცნობეს, გასული წლებისგან განსხვავებით, თბილისში ამ დღის ორგანიზატორი საინიციატივო ჯგუფთან „გული თბილისისთვის“ ერთად სადაზღვევო კომპანია „ირაოცაა.“

22 სექტემბერს გამართული აქტივობების მიზანია, წაახალისოს ქალაქში ფეხით სიარული, ველოსიპედითა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობა, ასევე მოუწოდოს ყველა კომპანიას, მაქსიმალურად ჩაერთონ მსგავსი შინაარსის სოციალურ აქტივობებში.

„დროთა განმავლობაში „დღე მანქანის გარეშე“ მოძრაობად იქცა. 2015 წელს, როდესაც ჩვენ ამ დღის თბილისში აღნიშვნის ინიციატორები გავხდით, აქციაში სულ რამდენიმე ორგანიზაცია მონაწილეობდა, წელს კი უფრო მასშტაბურად ვაპირებთ 22 სექტემბრის აღნიშვნას. ვიმედოვნებთ, რომ ამჯერად გაცილებით მეტი თბილისელი შემოგვიერთდება, სახელმწიფო, არასამთავრობო თუ კერძო ორგანიზაციები კი გამოიჩენენ მეტ სოციალურ პასუხისმგებლობას და საკუთარ წვლილს შეიტანენ ერთი დღით ქალაქის განტვირთვასა და გარემოს გაჯანსაღებაში,“ – განაცხადა „გული თბილისისათვის“ თანადამფუძნებელმა ლევან ცუცქირიძემ.

კომპანია „ირაოს“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ დეკანოსიძის თქმით, ქალაქის წინაშე სოციალური პასუხისმგებლობა თითოეულმა კომპანიამ უნდა იგრძნოს.

ვფიქრობთ, თითოეულმა კომპანიამ უნდა იგრძნოს თავისი წილი სოციალური პასუხისმგებლობა ჩვენი ქალაქის და ქვეყნის უკეთესობისკენ შეცვლაში. ჰაერის დაბინძურებისა და ქალაქში საცობების პრობლემა დღეს ყველაზე მკვეთრად დგას, შესაბამისად ჩვენ გადავწყვიტეთ, ვიყოთ ამ დღის ორგანიზატორი, ორგანიზაცია „გული თბილისისათვის“-თან ერთად. „ირაოს“ ამ მიმართულებით დიდი გეგმები აქვს, კომპანიის სურვილია მაქსიმალურად წაახალისოს თავისი თანამშრომლები და დაამკვიდროს ტრადიცია – „დღე მანქანის გარეშე“. 22 სექტემბრის აქტივობები კი კომპანიის დიდი გეგმების დასაწყისი იქნება,“ – განაცხადა კომპანია „ირაოს“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ დეკანოსიძემ.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *