გერმანიის ელჩი – მერკელის ვიზიტი ხაზს უსვამს შესანიშნავ ურთიერთობებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებობს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

ანგელა მერკელის ვიზიტი ხაზს უსვამს შესანიშნავ ურთიერთობებს, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არა მხოლოდ უკანასკნელი 25 წლის, არამედ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე არსებობს, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა ჰაიკე ფაიჩმა განაცხადა.

„ეს არის მისი პირველი ხანგრძლივი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 2008 წლის შემდეგ. ჩვენ ძალიან ბევრს ველოდებით ამ ვიზიტისგან. საქართველოს შემდეგ ის სომხეთსა და აზერბაიჯანს ეწვევა. ჩვენთვის, ეს ვიზიტი ხაზს უსვამს შესანიშნავ ურთიერთობებს, რომლებიც არსებობს ორ ქვეყანას შორის არა მხოლოდ უკანასკნელი 25 წლის მანძილზე, არამედ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე. იქნება ძალიან საინტერესო შეხვედრები ქართველ ოფიციალურ პირებთან, ის ასევე შეხვდება სტუდენტებს. ჩემი აზრით, ამ ვიზიტის შემდეგ მას შეექმნება ძალიან ნათელი სურათი არსებული დისკუსიისა და საქართველოს დემოკრატიზაციის მდგომარეობის შესახებ“, – განაცხადა ფაიჩმა.

კითხვაზე, რა შეაცვლევინებს გერმანიას საკუთარ პოზიციას ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების შესახებ და ისაუბრებს თუ არა ამაზე ანგელა მერკელი, საქართველოში გერმანიის ელჩმა განაცხადა, რომ ეს ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იქნება.
„გერმანიის პოზიცია ძალიან ნათელია – ჩვენ მხარს ვუჭერთ ნატო-ში საქართველოს გაწევრიანებას, ისევე როგორც ნატო-ს სხვა წევრები“, – აღნიშნა გერმანიის ელჩმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *