Süddeutsche Zeitung – ანგელა მერკელი საქართველოს მიმართ სოლიდარობას აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ დაღუპულ მეომართა მემორიალის გვირგვინით შემკობით გამოხატავს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

Süddeutsche Zeitung - ანგელა მერკელი საქართველოს მიმართ სოლიდარობას აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ დაღუპულ მეომართა მემორიალის გვირგვინით შემკობით გამოხატავსსაქართველოს მიმართ სოლიდარობას გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ დაღუპულ მეომართა მემორიალის გვირგვინით შემკობით გამოხატავს, – ამის შესახებ აღნიშნულია გერმანული Süddeutsche Zeitung-ის სტატიაში, რომელიც საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში ანგელა მერკელის ვიზიტს ეხება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კავკასიაში გერმანიის კანცლერის ვიზიტს მოსკოვიც ინტერესით მიადევნებს თვალს, მით უმეტეს, რომ მერკელი გარკვეული გზავნილების გაკეთებას გეგმავს.

Süddeutsche Zeitung-ის ​მასალაში საუბარია ვლადიმერ პუტინისა და ანგელა მერკელის ხანგრძლივი საუბრის შესახებ, რომელიც უკრაინის კონფლიქტს ეხებოდა. სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ უკრაინის კონფლიქტს პარალელი აქვს აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთში“ არსებულ კონფლიქტებთან, სადაც რუსეთმა თავისი სამხედრო პოზიციები უკვე გაიმყარა.

„ამასთან დაკავშირებით ბერლინის პოზიციაა: „რუსეთის სამხედრო წარმომადგენლობას სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ჩვენ კრიტიკულად ვუყურებთ“, – წერია სტატიაში.

მერკელის საქართველოში ვიზიტის შესახებ მომზადებულ მასალაში ასევე აღნიშნულია, რომ დაახლოებით ათი წელია, ეს კონფლიქტები გაყინულია და სწორედ ამის თავიდან აცილება სურს მერკელს უკრაინასთან მიმართებით.

სტატიაში წერია, რომ საქართველო აბსოლუტურად ღიაა ევროპის მიმართ და უკვე გაფორმებულია ასოცირების ხელშეკრულება და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება.

„როგორც ჩანს, ეკონომიკურად ამ კურსმა გაამართლა, რადგან ქვეყანაში 2018 წელს დაფიქსირდა 4,5%-იანი ეკონომიკური ზრდა“, – აღნიშნულია სტატიაში.

ამასთან, სტატიის ავტორი წერს, რომ სწორედ მერკელმა შეაჩერა საქართველოს უფრო მჭიდროდ დაკავშირება დასავლეთთან, როცა 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე, აშშ-ის პრეზიდენტის, ჯორჯ ბუშის დაჟინებული სურვილის საპირისპიროდ, საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანების პროცესის დაწყების წინააღმდეგ გამოვიდა.

„ამის შემდეგ ნატო-სთან მიმართებით ახლა ოფიციალურად ღია კარის პოლიტიკა მოქმედებს. თავის სოლიდარობას მერკელი აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში დაღუპულ მეომართა მემორიალის გვირგვინით შემკობით გამოხატავს“, – წერს Süddeutsche Zeitung-ი.

როგორც გაზეთი წერს, ანგელა მერკელის ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია „სამხრეთ ოსეთის“ ადმინისტრაციულ საზღვართან მისვლა, სადაც ფედერალური კანცლერი დამკვირვებელთა მისიის ხელმძღვანელსა და მონიტორებს შეხვდება.

ანგელა მერკელი საქართველოს ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *