სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

susiii-cr-739x428სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური 2017 წლის ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც საუბარია ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევებისა და საფრთხეების შესახებ.

დღეისთვის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებს, საერთაშორისო ტერორიზმს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობას, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულს, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების შესაძლო გავრცელებას, – ამის შესახებ აღნიშნულია სუსის 2017 წლის ანგარიშში, რომელიც საქართველოს პარლამენტშია წარდგენილი. ინფორმაციას 1tv ავრცელებს.

„ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფა და საზოგადოების მშვიდობიანი თანაცხოვრებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობის მთავარი პრიორიტეტია. მსოფლიოში უსაფრთხოების გარემოს სწრაფი ცვალებადობის, საერთაშორისო ტერორიზმისა და რადიკალიზაციის, უცხო ქვეყნების სადაზვერვო სამსახურების საქმიანობის გააქტიურებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად, იზრდება საერთაშორისო მოვლენების გავლენა ქვეყნის შიდა უსაფრთხოებაზე. დღეისათვის ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევები უკავშირდება რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომდინარე საფრთხეებს, საერთაშორისო ტერორიზმს, უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების საქმიანობას, კორუფციასა და სამოხელეო დანაშაულს, მასობრივი განადგურების იარაღისა და მასალების შესაძლო გავრცელებას და ა.შ. სამსახური მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციური წყობილების, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის, სამხედრო და ეკონომიკური პოტენციალის, საშინაო და საგარეო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნებიდან გამომდინარე. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური საქმიანობისას ხელმძღვანელობს კანონიერების, ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, საქმიანობის ღია და ფარული ფორმების ერთობლიობის, თანაზომიერებისა და პოლიტიკური ნეიტრალობის პრინციპით. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საქმიანობა მიმართულია შესაძლო საფრთხეების იდენტიფიცირებაზე, პრევენციასა და აღკვეთაზე, ასევე კომპეტენციის ფარგლებში, კანონით დადგენილი შესაბამისი ღონისძიებების გატარებაზე, რათა მაქსიმალურად იქნეს დაცული სახელმწიფოს ეროვნული ინტერესები და საქართველოს თითოეული მოქალაქის უსაფრთხოება“, – აღნიშნულია სუსის ანგარიშში.

ასევე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა ბერკეტს, რათა დადგინდეს სიმართლე და არჩილ ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფასთან დაკავშირებული ყველა პირი წარდგეს მართლმსაჯულების წინაშე.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *