გიორგი კვირიკაშვილი – მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია

მთავარი გვერდის ჩანაწერები

kvirika 2მსოფლიო ბანკის ბიზნესის კეთების რეიტინგში საქართველოს მნიშვნელოვანი დაწინაურება მიზანმიმართული მუშაობის შედეგია, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში იქნა გაწეული, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, საქართველომ შვიდი ადგილით, მე-16 ადგილიდან მე-9 ადგილზე გადაინაცვლა და მსოფლიოში ბიზნესის კეთების სიმარტივის მიხედვით, უმაღლეს ათეულში მოექცა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის ინვესტიციების მოზიდვის, ახალი წარმოებების შექმნისა და ახალი სამუშაო ადგილების გაჩენის თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია, რომ არა მხოლოდ მსოფლიო ბანკის, არამედ სხვა ინსტიტუტების მიერ გაკეთებულ საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლა და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მიუთითებს იმ ჯანსაღ ტენდენციაზე, რომელიც ქართულ ეკონომიკაში არსებობს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერ-მინისტრმა ისაუბრა იმ მაჩვენებლებზე, რომელიც ქვეყანაში არსებულ ჯანსაღ ეკონომიკურ ტენდენციას განაპირობებს. მათ შორისაა, ექსპორტის ზრდა 28.5%-ით; ტურისტების ზრდის რეკორდული მაჩვენებელი, რომელმაც შარშანდელ წლიურ მაჩვენებელს უკვე გადააჭარბა და საქართველოში 6 მილიონ-ნახევრამდე ტურისტი შემოვიდა; გაზრდილია ასევე ფულადი გზავნილების მოცულობა.

„ყველა ეს ფაქტორი ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის, რომელიც უკვე დღევანდელი მონაცემებით შეადგენს 4,7%-ს. არის მართლაც ძალიან ჯანსაღი ტენდენცია, რომელიც აუცილებლად აისახება ახალ ინვესტიციებში, ახალ სამუშაო ადგილებში. მესმის, რომ ჩვენი მოსახლეობის ეკონომიკურ მდგომარეობაზე ეს, რა თქმა უნდა, ერთბაშად არ აისახება, მაგრამ, ჩვენი მოქალაქეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდნენ, რომ ქვეყანაში არსებული ტენდენცია, არის ძალიან ჯანსაღი და არსებობს ყველა წინაპირობა იმისთვის, რომ მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ეკონომიკური ზრდა იყოს. დარწმუნებული ვარ, ეს ასეც იქნება. დაგეგმილია უამრავი პროექტი, რომელიც წელს ხორციელდება. მოგეხსენებათ, ინფრასტრუქტურის მიმართულებით წელს 36%-იანი ზრდა გვაქვს; მომავალ წელს, შარშანდელთან შედარებით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დასახარჯი რესურსის ოდენობა თითქმის გაორმაგდება და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა აისახება, კერძო სექტორზე, მეწარმეობაზე, ახალ საწარმოებზე, ადგილობრივ წარმოებაზე, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – აღნიშნა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა.

 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *