კონტრაბანდული გზით ბრილიანტის თვლების შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

მთავარი გვერდის ჩანაწერები
c219d1105a05fc1c7a1905cd9dea90a8ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივად გატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, საქართველოს საბაჟო საზღვარზე, დიდი ოდენობით ბრილიანტის ქვების უკანონოდ გადმოტანის ფაქტზე, ორი მოქალაქე დააკავა.

როგორც „IMEDI.FM-ს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულებმა, 2016 წლის 23 ნოემბერს, საბაჟო-გამშვებ პუნქტ „წითელი ხიდის“ გავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთეს, რა დროსაც, საფულესა და ტანსაცმელზე სპეციალურად მოწყობილი სამალავში დეკლარირებას დაქვემდებარებული, 557 ერთეული ბრილიანტის თვალი აღმოაჩნდათ.

საგამოძიებო სამსახურის მიერ საქართველოში კონტრაბანდული გზით შემოტანილი ბრილიანტის ქვები ნივთმტკიცების სახით არის ამოღებული.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეხუთე ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით, 8-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *