პრემიერი „რთველი 2016“-ს წარმატებულად აფასებს

მთავარი გვერდის ჩანაწერები

thumb

პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დღევანდელ მთავრობის სხდომაზე – „რთველი 2016“ შეაჯამა.  მთავრობის მეთაურის თქმით, კახეთის რეგიონში ყურძნის მიღება-გადამუშავების პროცესში მონაწილეობა 178-მა კომპანიამ მიიღო.

„გადამუშავდა 100 ათას ტონაზე მეტი ყურძენი და კახეთის მოსახლეობის შემოსავალმა 97 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. რაც შეეხება რთველს რაჭა-ლეჩხუმში, ყურძენი მიიღო და გადაამუშავა 24-მა კომპანიამ და მთლიანობაში 500 ტონაზე მეტი ყურძენი გადამუშავდა. რაჭის მოსახლეობის შემოსავალმა რთველის პერიოდში, 2,5 მილიონ ლარზე მეტი შეადგინა. ორივე რეგიონში, 2016 წელს, ყურძენი ღვინის კომპანიებს 19 000-ზე მეტმა მევენახემ ჩააბარა.

მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ შევქმენით თვისობრივად განსხვავებული სუბსიდირებისა და აგროსესხების პროგრამა, რომლის დანერგვითაც, სახელმწიფომ მოახდინა მეღვინეობა-მევენახეობის მიმართულების სწორი სტიმულირება მიეღოთ და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვენახების ფართობი იზრდება.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ხარისხს და ადგილწარმოშობას, სწორი მიმართულებით განვითარებას, ბრენდირებული ღვინოების მსოფლიოს მასშტაბით ექსპორტს. ჩვენ, ამ მიმართულებით მუშაობას გავაგრძელებთ. ძალიან მახარებს ის, რომ ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება თანდათან ძალას იკრებს და, ევროპის მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი რაოდენობა მიდის ექსპორტზე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მთავრობის მეთაურმა კმაყოფილება გამოთქვა, რომ რთველი ძალიან წარმატებულად ჩატარდა, რისთვისაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს მადლობა გადაუხადა.

გიორგი კვირიკაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული ღვინო წარმოდგენილია ტრადიციულ ბაზრებზე და ასევე ახალ ბაზრებზე, როგორიცაა ჩინეთი, რომელთანაც თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება მიღწეულია და ქართული ღვინის ექსპორტი უპრეცედენტოდ მაღალი სისწრაფით იზრდება.
„ეს არის აბსოლუტურად ჯანსაღი პროცესი, რაც ძალიან მახარებს“, – აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *