საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია

მთავარი გვერდის ჩანაწერები

kongresi-2

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი ორპარტიული რეზოლუცია განიხილა.

რეზოლუცია საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, ტედ პოსა და ჯერალდ კონოლის მიერ არის ინიცირებული. კონგრესის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა აღნიშნული დოკუმენტი 14 ივლისს ერთხმად მიიღო.

კონგრესმენები გმობენ რუსეთის მიერ საქართველოში სამხედრო ინტერვენციასა და ოკუპაციას, ასევე აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მიმდინარე არალეგალურ ქმედებებს.

რეზოლუცია მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, გააუქმოს საქართველოს რეგიონების, აფხაზეთისა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარება და თავი შეიკავოს ისეთი ქმედებებისა და პოლიტიკისგან, რომელიც არღვევს საქართველოს  სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკელი კანონმდებლები მოსკოვს, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის შეთანხმების შესრულებისკენ მოუწოდებენ.

მოუწოდებენ აშშ-ის მთავრობას, გააღრმავოს საქართველოსთან თანამშრომლობა სტრატეგიული პარტნიორობის სფეროებში, მათ შორის საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხრივ. გამოთქმულია აშშ-ის მიერ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების საჭიროება ერთობლივი წვრთნების ჩატარებისა და თავდაცვითი შესაძლებლობების უზრუნველყოფის გზით.

დოკუმენტის ავტორები ადასტურებენ, რომ “თავისუფალი, ერთიანი, დემოკრატიული და სუვერენული საქართველო აშშ-ის გრძელვადიან ინტერესში შედის, რადგან ეს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას უწყობს ხელს”.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *