პრემიერი გიორგი პაპუაშვილს დღეს შეხვდება

მთავარი გვერდის ჩანაწერები

kvirikashvili_2b1e6_L_J__

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, გიორგი პაპუაშვილს დღეს, 20:00 საათზე, მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდება.

ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში აცხადებენ.

მათი ცნობით, მთავრობის მეთაური მზად არის, მოუსმინოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარეს, თუმცა, ხაზგასმით აღნიშნავს, რომ დღევანდელი შეხვედრით დღის წესრიგიდან არ იხსნება გიორგი პაპუაშვილის თანამშრომლობის აუცილებლობა პროკურატურასთან, რომელიც დამოუკიდებელი ინსტიტუტია.

„პრემიერის აზრით, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებები პოზიტიურ როლს არ ასრულებს სასამართლოს იმიჯისა და ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს ჩამოყალიბებაში.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ დაუშვებელია ინსტიტუციების დისკრედიტაცია და ყველა ადამიანს, თანამდებობის მიუხედავად, ინსტიტუციების პატივისცემისკენ მოუწოდებს.

პროკურატურა არის დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანო, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას არ ექვემდებარება“, – აცხადებენ პრესსამსახურში და დასძენენ, რომ ამის მიუხედავად, საქართველოს მთავრობის მეთაური ითვალისწინებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის სურვილს შეხვედრის შესახებ და მის მოსასმენად მზად არის.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *