შსს-მ გასპარ ნოეს ფილმის გავრცელებაზე გამოძიება დაიწყო

მთავარი გვერდის ჩანაწერები

633c9632521ef75abe470f015497c46c

კინორეჟისორ გასპარ ნოეს ფილმის „სიყვარული“ (Love) გავრცელებაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

როგორც „IMEDI.FM“-ს შსს-ში განუცხადეს, ექსპერტიზის დასკვნით გაირკვა, რომ ფილმი პორნოგრაფიას მიეკუთვნება.

“კანონის მოთხოვნების შესაბამისად, შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს კიბერდანაშაულთან ბრძოლის სამმართველოში, შემოსული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 255-ე მუხლით კონკრეტული საიტების მეშვეობით პორნოგრაფიული მასალების გავრცელების ფაქტზე.
საქართველოში აკრძალულია პორნოგრაფიის შემცველი მასალის გავრცელება. შინაგან საქმეთა სამინისტრო ვალდებულია, დაიცვას და აღასრულოს საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ამასთან, შსს-ს განმარტებით, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის “ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ” რეგლამენტის 109-ე მუხლის მე-11 ნაწილის მიხედვით, “მაუწყებლობის ტრანზიტით მომსახურეობის მიმწოდებელი პირი სამაუწყებლო პაკეტში მოზრდილთათვის განკუთვნილი სამაუწყებლო არხის (მათ შორის, პორნოგრაფიული) განთავსების შემთხვევაში, ვალდებულია აღნიშნული სამაუწყებლო არხი განათავსოს კოდირებული ფორმით“.

„გამოძიების მიერ, სამართლებრივი წესის შესაბამისად, დაინიშნა შესაბამისი ექსპერტიზები და შსს-ს მიეწოდა დასკვნა, რომ აღნიშნული ფილმები (მათ შორის, გასპარ ნოეს “love”) მიეკუთვნება პორნოგრაფიას. ამჟამად მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები“, – აცხადებენ შსს-ში.

მათივე განმარტებით, დაცვის მხარეს (გამავრცელებლებსა და მათ ადვოკატებს) უფლება აქვთ, ალტერნატიული ექსპერტიზა დანიშნონ.

აღსანიშნავია, რომ გასპარ ნოეს ფილმი Love კანის კინოფესტივალის არასაკონკურსო ჩვენებაში არაერთხელ მონაწილეობდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *