საკონსტიტუციო სასამართლომ "რუსთავი 2"-სა და "საქართველოს" საქმის განხილვა დაიწყო

მთავარი გვერდის ჩანაწერები

საკონსტიტუციო სასამართლოში “რუსთავი 2”-სა და ტელეკომპანია “საქართველოს” სარჩელის არსებითი განხილვა დაიწყო.
დავის საგანს სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის ორი საკითხი წარმოადგენს, ერთი შეეხება დაუყოვნებლივი აღსრულების ნორმას, ხოლო მეორე დროებითი მმართველის დანიშვნას სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ში. საკონსტიტუციო სასამართლოს პირველმა კოლეგიამ საქმეზე განმწესრიგებელი სხდომის მიმდინარეობისას ორივე ნორმა შეაჩერა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

როგორც მოსარჩელე მხარის ადვოკატი დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, სადავო ნორმა არ არის განჭვრეტადი და მხარეს არ შეუძლია წინასწარ გაიგოს რას მოითხოვს კანონმდებელი მისგან.

“ვითხოვთ სამოქალაქო-საპროცესო კოდექსის ნორმათა არაკონსტიტუციურად გამოცხადებას, რომლის საფუძველზეც სასამართლოს შეუზღუდავად შეუძლია გამოიყენოს უზრუნველყოფის ღონისძიება, მათ შორის, შეუძლია დანიშნოს დროებითი მმართველი ნებისმიერ კომპანიაში ან მიიღოს ისეთი ღონისძიებები, რომლებიც კანონში კონკრეტულად არ არის ჩამოთვლილი. უფლების მზღუდავი ნორმა უნდა იყოს განჭვრეტადი და განსაზღვრადი, ანუ მხარეს უნდა შეეძლოს წინასწარ გაიგოს თუ რა უნდა კანონმდებელს მისგან. ჩვენს შემთხვევაში სადავო ნორმები არ აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებს ამიტომ მიგვაჩნია, რომ არის არაკონსტიტუციური და იმედი გვაქვს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო დააკმაყოფილებს ჩვენს მოთხოვნას”, – აღნიშნა დიმიტრი საძაგლიშვილმა.

პარლამენტის წარმომადგენლის თამარ მესხიას განმარტებით, პარლამენტს მიაჩნია, რომ სადავოდ გახდილი ნორმები არის კონსტიტუციური და ნორმების გაუქმება წარმოშობს პრობლემებს კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში.

“მიგვაჩნია, რომ ამ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობა წარმოშობს კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში. სასამართლოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ინდივიდუალური გარემოებებიდან გამომდინარე გამოიტანოს გადაწყვეტილება”, – აღნიშნა თამარ მესხიამ.

საკონსტიტიტუციო სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე სარჩელი 2015 წლის ოქტომბერში შევიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *